პროექტის შესახებ


სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო
ფონდის 2018 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი

შრიფტი - FR-18-18474

პროექტის სახელწოდება - საქართველოს ველური ვაზი: შესწავლა და დაცვა


ველური ვაზი Vitis vinifera silvetsris Gmel. არის საქართველოს ფლორის ტიპიური მცენარე და წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ის წარმოადგენს ევრო-აზიური ველური ვაზის პოპულაციის შემადგენელ ნაწილს და აქვს მნიშვნელოვანი დატვირთვა: ა) როგორც ვაზის დომესტიკაციის საწყისს სამხრეთ კავკასიაში 8000 წლის წინ და შესაძლო გასაღებს ამ დომესტიკაცისს პროცესების ასახსნელად; ბ) როგორც დაცვის ობიექტს შეტანილს საქართველოს წითელ წიგნში; გ) როგორც საინტერესო მცენარეს კლიმატის გლობალური ცვლილებებისა და მავნებელ-დაავადებათა გამძლეობის მქონე გენების ძიების მიმართულებით - ანუ სავარაუდო სასელექციო - საწყის მასალას; დ) როგორც მსოფლიო მევენახეთა მზარდი ინტერესის ქვეშ მყოფ მცენარეს ამჟამად.

ეს საპროექტო წინადადება მოწოდებულია გააგრძელოს ექსპედიციური კვლევები ველური ვაზის გავრცელების თანამედროვე არეალის შესასწავლად და ახალი ფორმების მოძიება საქართველოს ფარგლებში მათი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კლევითი ცენტრის საგურამოს კოლექციაში დამაგრებისა და დაცვის მიზნით; საგურამოს კოლექციაში არსებული ფორმების შესწავლა მრავალდისციპლინარული მეთოდების გამოყენებით; ველური ვაზის დაცვის სტრატეგიის ჩამოყალიბება საქართველოსათვის; კოლექციაში არსებული ველური ვაზის ფორმების კატალოგის მომზადება; პროექტის შედეგების და საქართველოს ველური ვაზის პოპულარიზაცია მოხდება პრეზენტაციების, კონფერენციების, სიმპოზიუმების და პუბლიკაციების საშუალებით, რაც გაზრდის საზოგადოებრივ ინტერესს ამ მცენარისადმი.

პროექტის შემსრულებლები


პროექტის ძირითადი სამეცნიერო პერსონალი:


დავით მაღრაძე: აგრარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, მევენახე, ამპელოგრაფი,
გენეტიკური რესურსების ექსპერტი, პროექტის ხელმძღვანელი

ლონდა მამასახლისაშვილი: აგრარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, მევენახე, ამპელოგრაფი, პროექტის მენეჯერი

რამაზ ჭიპაშვილი: მეცნიერ-მუშაკი, მევენახე, ვენახების მენეჯმენტის სპეციალისტი

ირმა მდინარაძე: აგრარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, მევენახე, ამპელოგრაფი

შენგელი კიკილაშვილი: ახალგაზრდა მეცნიერი, მაგისტრი მევენახეობა - მეღვინეობის სპეციალობით, ექსპერტი ენო-კარპოლოგიასა და ბიოქიმიაში

შალვა კენჭიაშვილი: მთავარი აგრონომი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას კოლექცია

შორენა გიორგობიანი: ლაბორანტი, მაგისტრი მევენახეობა - მეღვინეობის სპეციალობით

ოსვალდო ფაილა: მილანის უნივერსიტეტის (იტალია) აგრონომიული ფაკულტეტის პრეზიდენტი. სრული პროფესორი მევენახობის დისციპლინაში

პროექტის სამუშაო ჯგუფი ერთად თანამშრომლობს დიდი ხნის მანძილზე, რომელიც დაიწყო მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში. 2003 წლიდან მისი წევრები ჩაერთვნენ პირველ საერთაშორისო პროექტში „ვაზის გენეტიკური რესურსების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება კავკასიაში და შავი ზღვის ჩრდილოეთ რეგიონებში“ (IPGRI, Rome, Italy), რის შემდეგაც მონაწილეობა მიიღეს და განახორციელეს 6 საერთაშორისო პროექტი (EcoNet Project, GrapeGen06, COST FA1003, YesViTe, „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი“, Microwine), შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის 6 პროექტი (აქედან 2 სამეცნიერო გრანტი (FR/547/10-102/13, FR/233/10-100/13), 1 სამაგისტრო გრანტი (MR2017_4.1_11), 1 საკონფერენციო გრანტი (MG_CG_03), 2 სამოგზაურო გრანტი (GNSF/TR09/28, 03/80, 25.06.2012). ჯგუფის წევრებს გამოქვეყნებული აქვთ 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი ვაზის შესწავლის მიმართულებით სხვადასხვა ენებზე, რომელთა შორისაც 9 ორიგინალური, ნათარგმნი და რედაქტირებული წიგნია. მათ მიერაა შესრულებული ვაზის ქართული ჯიშების ამპელოგრაფია ინგლისურ (Maghradze et al. 2012) და ქართულ (მაღრაძე და სხვ. 2017) ენებზე, ვაზის ჯიშების აღწერა საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნების ელექტრონულ კატალოგში (http://catalog.elkana.org.ge/index.php?postid=34) და ა.შ..